“ამ დაავადების შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, თუ 19 წლამდე შვილი გყავთ გაფრთხილდით, საქართველოში უკვე ათეულობით ბავშვია ამით დაავადებული”

0

ბოლო დროს საქართველოში საკმაოდ ბევრ ბავშვს კოვიდის გადატანის შემდეგ ახალი სინდრომი გამოუვლინდა. მულტისისტემური ანთებითი სინდრომით ბავშვები სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. ეს სინდრომი კოვიდის მოხდის ან მიმდინარეობისას ვლინდება და მნიშვნელოვანი ნიშნები ახასიათებს. სწორედ ამ ნიშნებზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამომწურავად საუბრობს:
“მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ, ფაქტობრივად, ყველა იმ მშობელმა უნდა იცოდეს, ვისაც 0-დან 19 წლამდე ასაკის შვილები ჰყავს. ამ სინდრომის რამდენიმე ათეული შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა. მარტო ამ დღეებში 15-მდე პაციენტი მკურნალობს სხვადასხვა კლინიკაში. როგორც ვთქვი, არსებობს ასეთი დაავადება, რომელსაც მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქვია. 0-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 7 წლის ბავშვებს ვგულისხმობთ, თუმცა საუბარია, ზოგადად, 0-დან 19 წლამდე ნებისმიერზე, გოგონებზეც და ბიჭებზეც, მაგრამ უფრო ბიჭების შემთხვევაში, ეს მდგომარეობა გვხვდება.

როდესაც ბავშვები კოვიდ-19-ით ავადდებიან, ისინი ამ დაავადებას შემთხვევათა თითქმის 100 პროცენტში მსუბუქად მოიხდიან. არაფერი საგანგაშო აქ არ არის. კოვიდი ძალიან მსუბუქად წარიმართება, შეიძლება ითქვას, უსიმპტომოდაც კი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ დაავადების მოხდიდან, დაწყებიდან ან განვითარებისას, შეიძლება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შეგვხვდეს, რომელიც საკმაოდ მძიმეა. ვირუსის ორგანიზმში აღმოჩენიდან 2-6 კვირაში სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს იმ ბავშვებშიც კი, რომელთაც კოვიდი ნიშნების სახით თითქმის არ ჰქონდათ გამოვლენილი, არაფერი აწუხებდათ, ცხელებაც კი. ამ დაავადების დროს ბავშვის ორგანიზმში ძალიან ბევრი ორგანო ზიანდება. ეს შეიძლება
იყოს თავის ტვინი, თვალები, ენა, ფილტვები, გული, ნაწლავები, კუნთები… ძალიან ბევრი რამ. როდესაც ბავშვი კორონავირუსს მოიხდის, კოვიდის მოხდიდან, თუ ორი თვის განმავლობაში, ექნება სიცხე, თუ სიცხემ აუწია და დაუწია, არ არის პრობლემა, მაგრამ, თუ სიცხე 3 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა, უკვე უნდა დაფიქრეთ. თუ ტემპერატურა, კოვიდის მოხდიდან 2-6 კვირის განმავლობაში, 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. ცხელებას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი ნიშნებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე: შეიძლება უცებ გამოაყაროს მთელ სხეულზე, ან შეიძლება ბავშვს ორივე თვალის ჩაწუწითლდეს, ასევე, შეიძლება ხელისგულებისა და ფეხისგულების შეშუპება აღენიშნებოდეს. კოვიდის შემთხვევაში შეიძლება ამ დაავადებამ გულსაც შეუტიოს. მარცხენა პარკუჭს ძალიან აზიანებს. თუ მარცხენა პარკუჭი დაზიანდება, წნევა შეიძლება დავარდეს ისე, რომ საბოლოოდ შოკური მდგომარეობა განვითარდეს. მაშინ უკვე ვერც ერთი ორგანო ვეღარ მიიღებს სისხლს. ამიტომ, თუ ტემპერატურის ფონზე შენიშნავთ, რომ წნევა იკლებს, ესეიგი უკვე სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ პედიატრთან. ასევე, თან ახლავს გულის კუნთის ანთება, გულის პერანგის ანთება, გულის სარქვლების ანთება და თუ ამ მდგომარეობას დროულად არ მიხედავთ, შეიძლება გულის მკვებავი სისხლძარღვების გაფართოება ანუ მათში ანევრიზმის ფორმირება მოხდეს. შესაძლოა მერე ეს ანევრიზმა გასკდეს ან დაითრომბოს. უამრავი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, გულის უკმარისობა. ბავშვებს რომ შევამოწმებთ, ვპოულობთ, რომ პოთრომბინის დრო, პარციალური თრომბოპლასტინის დრო უკვე დარღვეული აქვთ, D-დიმერი, C- რეაქტიული ცილა მაღალი იქნება. ერითროციტების დალექვის სიჩქარეც იქნება მაღალი, პროკალციტონინი იქნება მაღალი, თრომბოციტების, ლიმფოციტების, ნატრიუმის რაოდენობა შეიძლება დაბალი იყოს – საბოლოო ჯამში, ეს ნიშნები ახასიათებს.
თუ ბავშვმა კოვიდ-19 მოიხადა და მისი მოხდიდან 2 თვის განმავლობაში დაიწყება მუცლის ტკივილი ღებინებითა და ფაღარათით – ეს სამი ნიშანი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ, რადგან ეს დაავადება ყველაზე ხშირად აღნიშნული სამი ნიშნით ვლინდება. ამიტომ, როგორც ვთქვი, თუ კოვიდის მოხდის შემდეგ ბავშვს ექნება მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი, სასწრაფოდ წაიყვანეთ პედიატრთან. თუ პედიატრი გამოცდილი არაა, თქვენ უთხარით, რომ შეძლება ეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი იყოს. ძალიან ბევრი პროფესიონალია, კარგად ერკვევა საკუთარ საქმეში, მაგრამ ყველა შეიძლება არ იყოს ამ დაავადების საქმის კურსში. ბავშვებში ხშირია ფაღარათი და შეიძლება ეჭვი სხვა ანთებაზე მიიტანონ. ამიტომ, თქვენ უთხარით ამ სინდრომის შესახებ, რომ გამოირიცხოს.
რაც შეეხება ამ დაავადების შედეგს, საქმე ისაა, რომ ეს დაავადება შემდეგში შეიძლება უკვე გართულდეს გულის უკმარისობით, სუნთქვის უკმარისობით, თირკმელების უკმარისობით. ძალიან მძიმე დაავადებაა, მაგრამ თუ ამ ნიშნებს კარგად გაითვალისწინებთ და პედიატრთან მიიყვანთ, მდგომარეობა 98 %-იანი ალბათობით კარგად იქნება. პედიატრი მას მაშინვე დაუნიშნავს ინტრავენურად იმუნოგლობულინებს და მდგომარეობა გამოსწორდება. ეს დაავადება, საბედნიეროდ, ინტრავენურ იმუნოგლობულინებს ემორჩილება. საქართველოში პრეპარატი ძალიან შეზღუდულია. საკმაოდ ძვირი, 600 ლარი ღირს. თუ ის ვერ იშოვნეს, მაშინ კორტიკოსტეროიდებს, დექსამეტაზონს ან კიდევ დაბალდოზიანს ასპირინს გამოიყენებენ. თუ ჩამოთვლილთაგან ვერც ერთი იშოვნეს, მაშინ შეიძლება ტოცილიზუმაბი, სხვა ინჰიბიტორები. თუ მიიყვანთ პედიატრთან, მდგომარეობა გამოსწორდება და სანერვიულოც არაფერი იქნება. ეს დაავადება ძალიან ჰგავს კავასაკის დაავადებას, ამიტომ, მას მეორენაირად კავა-კოვიდს ეძახიან. განსხვავება იმაშია, რომ კავასაკის დაავადების მქონე პაციენტებიდან მხოლოდ 0,07 კვდება, ხოლო ამ შემთხვევაში თითქმის 2 პროცენტი. უფრო მძიმეა. კოვიდი ინტერფერონების წარმოქმნას ბლოკავს ანუ ამუხრუჭებს იმუნურ სისტემას და როდესაც კორონავირუსი ალაგდება, დამუხრუჭებული იმუნური სისტემა იხსნის ამ მუხრუჭებს და ავტომატურად, ძალიან მაღალი ენერგიით უტევს ყველაფერს. ყველა ორგანოს ერთმანეთზე მიყოლებით თიშავს. ზოგჯერ ჩვენივე იმუნური სისტემის მსხვერპლი ვხდები. ეს ბავშვების დაავადებაა, მაგრამ დიდებშიც შეიძლება შეგვხვდეს.”

Share.