ბევრმა მოიკლა თავი, მეც ვცადე მაგრამ… ვინ არის მამა გიორგი კალჩუ, რომელმაც ციხეში 21 წელი გაატარა

0

წიგნში „ინტერვიუები, ჰომილიები და საუბრები“, რომელიც მამა გიროგი კალჩუს ცხოვრებაზეა დაწერილი, კალჩუ იხსენებს, რომ იმ დროს მასობრივად აპატიმრებდნენ სასულიერო პირებს, ინტელიგენტებს, განათლებულ ადამიანებს, ბავშვებსაც კი. საბოლოოდ, მილიონობით ადამიანი ან ციხეში აღმოჩნდა ან გადაასახლეს.
80-იან წლებში რადიო თავისუფლების ამერიკის ბიურომ რუმინელი მოძღვრის საქმე გააშუქა და ამით მისი ბედი მკვეთრად შეცვალა.
დისიდენტი გიორგი კალჩუ, სხვა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად, 21 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს რუმინეთის ყველაზე სასტიკ ციხეებში, რომლებიდანაც, როგორც წესი, ცოცხლები ვერ გამოდიოდნენ.
პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი კალჩუ 1948 წელს დააპატიმრეს. ანტიმარქსისტული ახალგაზრდული მოძრაობის წევრობისთვის იგი ციხეში 16 წელიწადი იჯდა.

loading...

ჯილავას ციხე

„ციხეში გავიგე თუ რას ნიშნავს იყო ქრისტეს სხეულის ნაწილი. პატიმრობის დროს ვგრძნობდი, რომ ხალხი ჩემთვის ლოცულობდა. სიხარული მეუფლებოდა, მაშინ როცა არაფერი იყო სასიხარულო. დიახ, ბედნიერი ვიყავი ციხეში, ეს იყო ქრისტეს ტაძრის სული, რომელიც მოგვიცავდა ქრისტიანებს და მე – გისოსებს მიღმა მყოფს“, – წერს გიორგი კალჩუ.

გიორგი კალჩუ

„ბევრმა მოიკლა თავი. მეც ვცადე, მაგრამ ბოლო წამს მეგობარმა მიხსნა. კიბეზე ავედი, რომ გადავვარდნილიყავი. მეგობარმა დამიჭირა და გადამარჩინა. ამის გამო სასტიკად მცემეს. ჩვენ არ გვქონდა თავის მოკვლის უფლება“, – იხსენებს გიორგი კალჩუ. ის ასევე ამბობს, რომ მეტისმეტი ტანჯვისგან ხშირად წამოცდენიათ ღვთის გმობა, მაგრამ ღამე ისევ ლოცულობდნენ: „უფალო მაპატიე, უფალო, გამაძლიერე… ღამის ლოცვები რომ არა, უბრალოდ ჭკუიდან შევიშლებოდით“.

გათავისუფლების შემდეგ გიორგი კალჩუმ თეოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. 1979 წელს ის მეორედ დააკავეს.

თავდაპირველად სიკვდილით დასჯაც კი უნდოდათ, რადგან რუმინეთის მაშინდელი დიქტატორი ჩაუშესკუ ფიქრობდა, რომ კალჩუ მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.

7 თვის განმავლობაში საკანში მარტო იჯდა, ეკრძალებოდა დაცვასთან საუბარი, საერთოდ ხმის ამოღება.

„თანდათანობით რუმინული დამავიწყდა“, – ამბობს ის, – „ეს იყო ნამდვილი ომი ღმერთსა და ეშმაკს შორის… კაცობრიობის მთელი ისტორია ღვთისა და ეშმაკის ბრძოლაა და ბრძოლის ველი ადამიანის გულზე გადის“.

გიორგი კალჩუ მეორედ დაპატიმრებას ელოდა და სანამ დააკავებდნენ ლოცვები დაიზეპირა. ამ პერიოდში ის უკვე სასულიერო პირი იყო და საკანში საღვთო ლიტურგიას აღავლენდა. თუმცა, პური, რომელიც რიტუალისთვის სჭირდებოდა, სამ დღეში ერთხელ მიჰქონდათ. მღვდელმა გამბედაობა მოიკრიბა და პური მცველს სთხოვა. საღამოს ორი ნაჭერი მოუტანეს.

„ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც ღმერთმა ჩემი პატიმრობის დროს დამანახა, გულის სასწაული იყო. არც კარები გაღებულა, არც თავისუფლება მომცემია, არც ანგელოზები გამოუგზავნია ჩემთვის უფალს, რათა ჩემს საკანში ეფრინათ, მაგრამ ის ცვლიდა იმ ადამიანების გულებს, რომლებიც ჩემი მწვალებლები იყვნენ. ეს ყველა სასწაულზე დიდი სასწაულია“, – იხსენებს გიორგი კალჩუ.

დისიდენტი მღდელი ხშირად ყვებოდა შემთხვევაზე ციხეში, როდესაც აღდგომა დილას, გაბედა და ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჯალათს უთხრა: „ქრისტე აღდგა!“. მცირედი ყოყმანის შემდეგ მღვდელს უპასუხეს – „ჭეშმარიტად!“

„ადამიანმა, რომელიც მაწამებდა, ქრისტეს აღდგომა დამიდასტურა. მე ჩუმად ვიტირე, სიხარულისგან ცრემლები ჩამომდიოდა“, – იხსენებს იგი.

პოლიტპატიმრების გრძელ სიაში კალჩუ ყოველთვის პირველი ეწერა. ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაუშესკუს გიორგი კალჩუს გათავისუფლებას სთხოვდნენ.

სანამ უბრალო ხალხი ბიბლიას კითხულობს, ამერიკა გადარჩენილია.

მამა გიორგი კალჩუ

მღვდელი ციხიდან 21 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1984 წელს გამოვიდა, თუმცა ის მაინც შინაპატიმრობაში დატოვეს. შინაპატიმრობაში იყვნენ მისი ცოლი და შვილიც.

მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. კალჩუს ამერიკის საელჩოდან მოაკითხეს. ორ დღეში მოძღვარი ოჯახთან ერთად უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი კალჩუ ამბობს: „მაღაზიაში ხალხი ხშირად იწყებს ჩემთან ღმერთზე და ბიბლიაზე ლაპარაკს. Სანამ უბრალო ხალხი ღმერთზე ლაპარაკობს, სანამ უბრალო ხალხი ბიბლიას კითხულობს, ამერიკა გადარჩენილია“.

გიორგი კალჩუ სიცოცხლის ბოლომდე ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა. მან აღიარება მოიპოვა როგორც მოძღვარმა და დისიდენტმა არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გარდაიცვალა 2006 წელს, 80 წლის ასაკში.

წყარო: რადიოთავისუფლება

loading...
Share.