“ერთ დღეს დავიბადეთ და ერთ დღეს გვინდა სიკვდილიო და…” – დღეს დილით ბედნიერი და ხანდაზმული წყვილის სურვილი ტრაგიკულად ასრულდა

0

ნოე მუმლაძე და მარიამ ციცვიძე 101 წლის წინ ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და დღეს, 16 აგვისტოს ერთად დაიღუპნენ. ტრაგედია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში მოხდა. საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლნენ. ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.
ყველაზე ხანდაზმულ წყვილზე ,,სარკე” ერთი წლის წინ წერდა, როცა მათ 100 წელი შეუსრულდათ. ბატონი ნოე გვეუბნებოდა, რომ ცოლის გარეშე ერთი დღეც არ სურდა ცხოვრება. მათ ოჯახი 76 წლის წინ დიდი სიყვარულით შექმნეს.

“75 წელია, ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. მუდმივად სიამტკბილობა გვქონდა. ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმაზე, რომ ხშირად მიწევდა თამადობა და ოჯახში გვიან მივდიოდი.

ჩემი ოცნებაა, იმიერში ჩემს მეუღლესთან ერთად წავიდე. სიკვდილიც ერთად გვინდა, უერთმანეთოთ ვერ გავძლებთ. მერე იმქვეყანდაც ერთად ვიქნებით. მე და ჩემს მეუღლეს ორივეს დაბადების დღე ერთ დღეს გვაქვს. დავიბადეთ 1920 წლის პირველ იანვარს. ვტკბებით ჩვენი შთამომავლბის წარმატებებით. სხვა ოცნება მე არ ამქვს, მინდა, რომ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო და ყოველდღე გამახაროს ჩემმა შთამომავლობა”, – ამბობდა “სარკესთან” ბატონი ნოე.

ამ დილით კი გამთენიისას სოფელი შეძრა ამბავმა, რომ მუმლაძეების სახლში ხანძარი იყო. ხალხი მისახმარებლად გამოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სახანძროც მოვიდა, სასწრაფოც, მაგრამ მოხუცებს უკვე არაფერი ეშველებოდათ.

მოხუცებიდან ერთ-ერთი ოთახის შუაგულში იყო იატაკზე წაქცეული და ხელში წყლის ჭურჭელი ეჭირა. როგორც ჩანს, გაეღვიძა, ხანძრის ჩაქრობა სურდა და წყალზე მიდიოდა.
წყარო: რეზონანსი

Share.