”მიუღწეველი არაფერია!” – მარიამმა, რომელსაც 16 წელი სმენა არ ჰქონდა, მხოლოდ ახლახანს გაიგო სამყაროს ხმაური

0

“წარმოსადგენადაც ძნელია 16 წელი სმენისა და მეტყველების გარეშე, ახლა კი მარიამისთვის სმენაცაა და მარტივი კონსტრუქციებით საუბრის შესაძლებლობაც!

ოჯახის თავდაუზოგავმა მისწრაფებამ, მარიამი გამხდარიყო უფრო ბედნიერი, შედეგი გამოიღო. როგორც ზოგადად ვიზუალისტებს, მარიამსაც წერითა და ხატვით უფრო ეხერხება აზრების გადმოცემა, თან შეუცდომლად წერს და ფურცელზე ყველა ასოს ხატავს თითქოს…”

მარიამი:
“უშბა განსაკუთრებულია, ამიტომ მისი დახატვა მიყვარს. წელიწადის ოთხივე დროს ეს მთა საოცრად ლამაზია. ზამთრობით უშბა სულ თეთრია, ზოგჯერ ნაცრისფერიც, მზის ჩასვლისას ალისფერიც დაჰკრავს. მიხარია, ბეჩოში რომ დავიბადე, ზაფხულობით ეზოში ჰამაკს გამიმართავს ხოლმე მამა და ახალგაზრდებთან ერთად ვერთობი. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს. ზაფხულობით მთასა და ტყეში დავდივარ, ვიღებ ლამაზ ფოტოებს და ვაქვეყნებ კიდეც. მინდა, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს სილამაზე…”

“16 წლამდე სულ სიჩუმე იყო. ძალიან მინდოდა სამყაროს ხმის გაგონება. როცა ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მკითხა, – მარი, გესმისო? ვუპასუხე, – კი, მესმის-მეთქი. მაგარი გოგო ხარო, – მითხრა ექიმმა და ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი! მერე ისიც დასძინა, – ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ და ვარ დაიმედებული. მაქვს ოცნებები, ბევრი რამ მაქვს სასწავლი…”

მარიამს საოცრად უხდება ღიმილი. საოჯახო საქმის კეთება, თოვლზე სრიალი, ხატვა, წერა თუ ფოტოების გადაღება – ყველაფერი კარგად გამოსდის და კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რადგან მან საბოლოოდ დაამარცხა უიმედობა…

მართლაც და რატომ არ უნდა გაიღიმოს, განა ყველას გაუმართლა უიმედობასთან ბრძოლაში? და რატომ უნდა გაიცნონ მარიამი ადამიანებმა? თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდეს კაცობრიობა, მიუღწეველი არაფერია!

Share.