“საკუთარ ფოტოებს არ ვაჩენდი, ახლა კი სარკეში რომ ვიყურები..” – ნახეთ როგორ გამოიყურება ბათუმელი გოგონა, რომელმაც 120 კილო დაიკლო (ფოტოები)

0

სოფო აბაიშვილის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. ის 31 წლისაა და 120 კილოგრამი დაიკლო. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევაა და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უზიარებს სოციალურ ქსელში სხვებსაც. ახლა 65 კილოგრამს იწონის და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. სოფო გვიყვება, როგორ დაიკლო და რაზე ამბობს უარს, რომ შედეგი შეინარჩუნოს:
– წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13 წლის ასაკში 80 კილო ვიყავი.
24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.

– როგორ დაიკელით ამის შემდეგ?
– 24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. 10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე. რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს. მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.
არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ.

– რა შედის ახლა თქვენს რაციონში და რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
– დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ 4-5-ჯერ ვიკვებო. დილით შვრიის ფაფას მივირთმევ, ხილსაც ვჭამ. თორმეტი-პირველი საათისკენ წვნიანს, საღამოს საათებში კი ვცდილობ, მოხარშული ხორცი ან თევზი მივიღო. ვჭამ ბოსტნეულს და ცხიმიან საკვებს ვერიდები. ცომეულზე უარი ვთქვი, ხოლო ტკბილზე უარს ვერასდროს ვამბობ, შოკოლადის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ, რაოდენობას ძალიან ვაკონტროლებ.

რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შედეგს?
– არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. ყოველთვის ვმალავდი საკუთარ ფოტოებს. რაც დავიკელი, სოციალურ ქსელში განსხვავების დადება დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, უამრავი ჟურნალი თუ საიტი გამომეხმაურა, მიმიწვიეს ტელევიზიებში. სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე. უფრო გახალისდა ჩემი ყოველდღიურობა. ყოველ დილით, როდესაც სარკეში ვიხედები, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ გამომივიდა. ვცდილობ, რომ სულ ფორმაში ვიყო და კვება გავაკონტროლო.

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან, რასაც თქვენ წლების წინ ებრძოდით?
– შეუყვარდეთ საკუთარი თავი. ყველას ვუსურვებ ნებისყოფის მოკრებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას. მერე ყველაფერი გამოვა. მთავარია მონდომება და ძალიან დიდი სურვილი.

წყარო:dainteresdi.club

Share.